воскресенье, 20 января 2013 г.

კენია


კენიის რესპუბლიკა მდებარეობს აღმოსავლეთ აფრიკაში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე, კვეთს ეკვატორი. მოსაზღვრე ქვეყნებია ეთიოპია (ჩრდილოეთით), სომალი (ჩრდილო-აღმოსავლეთით), ტანზანია (სამხრეთით), უგანდა, ასევე ტბა ვიქტორია (დასავლეთით), სამხრეთი სუდანი (ჩრდილო-დასავლეთით). დედაქალაქია ნაირობი. უკანასკნელ წლებში, ქვეყნის მოსახლეობა საკმაოდ სწრაფად გაიზარდა და შეადგენს დაახლოებით 38 მილიონს. კენია ფლობს ველური ბუნების უზარმაზარ რეზერვებს. აქ გავრცელებულია ცხოველთა ათასობით სახეობა.

ქვეყანას სახელი ეწოდა მწვერვალ კენიისგან, რომელიც სიმაღლით მეორეა აფრიკის მწვერვალებს შორის. 1920 წლამდე, ის ტერიტორია, რასაც დღეს ჩვენ კენიას ვუწოდებთ, ცნობილი იყო, როგორც ბრიტანეთის აღმოსავლეთ აფრიკის პროტექტორატი.

ქვეყნის ფართობია 582.646 კვ.კმ.


ფართობის მიხედვით (582.646 კმ.კვ) კენია მსოფლიოს ქვეყნებს შორის ორმოცდამეშვიდე ადგილზეა (მადაგასკარის შემდეგ). ინდოეთის ოკეანის სანაპირო ზოლზე არსებული ვაკეები, ნელ-ნელა გადადის ცენტრალურ მთიანეთში. ამ ზეგნებს შუაზე ყოფს დიდი რიფტის ხეობა. კენიის ზეგნები წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ სასოფლო სამეურნეო რეგიონს მთელს აფრიკაში. ამ მთიანეთში მდებარეობს ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი კენია (5 199 მ), ასევე რამდენიმე მყინვარი. სანაპიროზე კლიმატი ტროპიკულია, ქვეყნის შიგნით კი გადადის მშრალში. კენიიდან, ტანზანიის საზღვრის სიახლოვიდან შესასძლებელია აფრიკის უმაღლესი მწვერვალის – კილიმანჯაროს დანახვა (5. 895 მ).


კენიაში წარმოდგენილია ტროპიკული კლიმატი. სანაპირო რაიონებში ის ცხელი და ტენიანია, ქვეყნის შიდა რაიონებში ზომიერი, ხოლო ჩრდილოეთ და ჩრდილო აღმოსავლეთ რეგიონში მშრალი. მარტი და მაისი უხვნალექიანი სეზონია, ასევე ნალექიანია ოქტომბერი და ნოემბერი, მაგრამ შედარებით ნაკლებად, მიუხედავად წვიმებისა, ამ თვეებში ტემპერატურა მაინც საკმაოდ მაღალია.

კენია ველური ბუნების ერთ-ერთი კერაა. განსაკუთრებით მისი ერთ-ერთი რეგიონი – მასაი მარა, სადაც ყოველწლიურ მიგრაციისას უამრავი ლურჯი ანტილოპა (Connochaetes taurinus) და სხვა ძუძუმწოვრები გადაადგილდებიან. ყოველ მშრალ სეზონზე 250. 000-ზე მეტი ლურჯი ანტილოპა იღუპება საკვების ძიებაში რთულ და მომქანცველ ხეტიალში. კენიაში ასევე ბინადრობს აფრიკის ცხოველების `დიდი ხუთეული~: ლომი, ლეოპარდი, კამეჩი, მარტორქა და სპილო. ფლორისა და ფაუნის სხვა არაერთი წარმომადგენელი გვხვდება ეროვნულ პარკებსა და ქვეყნის დაცულ ტერიტორიებზე. გაუარესებული გარემო დიდ საფრთხეს უქმნის კენიაში არსებული პოპულაციების გამრავლებას.





მოსახლეობა - 32,021,856 (2005), მათ შორის კიკუიუ 22%, ლუჰია 14%, აგრეთვე ლუო, კამბა, გუსაი.
სახელმწიფო ენა : სუაჰილი და ინგლისური.
დედაქალაქი : ნაირობი (2,412 ათასი).
ქალაქები: მომბასა (713), ნაკურუ (334).






რესურსები : ოქრო, კირქვა, სოდა, მარილი.
ექსპორტი : ჩაი, ყავა, ხილი, ბოსტნეული, ნავთობპროდუქტები.
ეროვნული შემოსავალი: ერთ სულზე 1145 $.
ვალუტა : კენიური შილინგი (KES)



წყარო - ვიკიპედია

http://ka.wikipedia.org/wiki/კენია

четверг, 17 января 2013 г.

კვლევა

2009 წლის მონაცემებით, კენიაში 453 000 მასაი ცხოვრობს; 1989 წელს ეს რიცხვი 377 000 იყო, 2000 წელს კი 400 000.

ტანზანიისა და კენიის მთავრობები ყველანაირად ახალისებენ პროგრამებს, რომ მასაის ხალხმა თავის ნახევრად-მომთაბარე ცხოვრების სტილი მიატოვოს, მაგრამ ისინი კვლავ განაგრძობენ უძველესი კოსტიუმების ტარებას.ბოლო დროს, ორგანიზაცია ოქსფამმა განაცხადა, რომ მასაის ხალხი კლიმატური ცვლილების მსხვერპლი ხდება, რადგან გაუდაბნოებულ არეალებში შეუძლებელი ხედება მათი ტრადიციული სოფლის მეურნეობის წარმოება.ტანზანიასა და კენიაში მცხოვრები მასაის ტომები გულღიად ხვდებიან სოფლებში მათი კულტურის, ტრადიციებისა და ცხოვრების წესის სანახავად ჩასულ ტურისტებს.


 რამოდენიმე ათასი წელი მასაი ბუნებასთნ ერთად არსებობდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი განადგურება დაიწყეს. მთელ ქვეყანაში მათ ქირაობენ იმიასათვის ,რომ  ძვირიანი სასტუმროები დაიცვან ან თავიანთი ტრადიციული ცეკვები შეასრულონ დიდ წვეულებებზე.


ტანზანიის  მხოლოდ რამოდენიმე კუთხეში არის შემორჩენილი მასაის ტომთა სოფლები , სადაც  ტურისტები ვერ აღწევენ და სადაც დღემდე არის შენარჩუნებული მათი პირველყოფილი ცხოვრების წესები, რომელიც ოდესღაც ცნობილი იყო, როგორც ყველაზე მრისხანე და ცნობილი ტომი აღმოსავლეთ აფრიკის - მასაის ტომი.


უფრო კარგად რომ გაეცნოთ მასაის ტომებს, შემოგთავაზებთ დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც აღწერილია მასაის ტომთა წარმომადგენლების ცხოვრება.



გაზეთი 24 საათი - მასაის ტომთა სტილი თანამედროვე მოდაში









გარეგნული მხარე ორიგინალურია და ეგზოტიკურ ჯუნგლებს მოგვაგონებს.

ლურჯკანიანი ნავის კლანი პლანეტა პანდორადან ჯეიმს კემერონის ბლოკბასტერში "ავატარი", ხეებისა და მთების ქერცლისმაგვარი წვერები და ბუზიც კი, თავისი გრძელი და ელასტიკური კიდურებით, რომლებიც ტარზანსაც კი შეშურდებოდა. პანდორელები სათავგადასავლო ფილმების მოყვარულებისთვის ერთი შეხედვით ეგზოტიკურები, მაგრამ მაინც ნაცნობნი არიან, ზოლებად დაჭრილი ცხოველის ტყავისგან შეკერილი ტანსაცმელი აცვიათ, ბრჭყვიალა მძივები უკეთიათ, სახეებზე კი ცარცისფერი ნიშნები აქვთ გამოსახული.

ჯეიკ სალი, ყოფილი საზღვაო ფეხოსანი, რომელსაც ამ ტომში შეღწევა დაავალეს, თვალს ვერ აშორებს კლანის სამეფო ოჯახის წარმომადგენელს, ნეიტირის. მათი პირველი შეხვედრისას ნეიტირი ხის წვრილ ტოტზე მიცოცავს. ამ მომენტიდან სალი ნეიტირის სამყაროში სულ უფრო ღრმად ეშვება.

ბოლო ხანებში მსგავსი ეგზოტიკური ელფერი მოდის სამყაროსაც დაჰკრავს. აფრიკის გავლენა იგრძნობა ავანგარდული საცალო ვაჭრობის ისეთ ფირმებში, როგორიცაა Barneys New York, მასობრივი წარმოების ტანსაცმლის ფირმებში, მაგალითად, American Apparel-ში, და ისეთ შეუდარებელ დიზაინერებთან, როგორიცაა ოსკარ დე ლა რენტა, მარკ ჯეიკობსი, გუჩის ფრიდა ჯანინი და დრის ვან ნოტენი.

დასავლური სამყარო საუკუნეზე მეტია დროდადრო ინტერესდება აფრიკული ხელოვნებითა და დიზაინით, რასაც, რა თქმა უნდა, დიდად შეუწყო ხელი აფრიკული ტომების მოტივების გამოყენებამ პიკასოსა და კანდინსკის შემოქმედებაში. 70-იან წლებში ივ სენ ლორანმა პალმის ბოჭკოებისაგან, ნიჟარებისაგან და ხის მძივებისაგან დამზადებული "აფრიკული" კაბების კოლექციაც გამოუშვა.

ამჟამად აფრიკულმა ქარმა ისევ დაჰბერა. "მისი სილამაზე იმაშია, რომ ყოველგვარი რასობრივი ბარიერი გადალახა, - ამბობს მოდის პოპულარული ინტერნეტჟურნალის Unvogue-ის შემოქმედებითი დირექტორი მალკოლმ ჰერისი. - არა აქვს მნიშვნელობა ვინა ხართ და საიდან. ხალხს ის ნელ-ნელა შემოაქვს ცხოვრებასა და გარდერობში".

ასე ალბათ იმიტომ ხდება, რომ ხალხის წარმოდგენაში აფრიკის ჯუნგლები, უდაბნოები და ველები ლამის მისტიკურ ელფერს ინარჩუნებს. ამ წარმოდგენების მთლიანად გაქარწყლება აფრიკის კონტინენტზე გაბატონებულმა პოლიტიკურმა არეულობამ და სიღარიბემაც კი ვერ შეძლო.

"აფრიკა მთლიანობაში აწონილ-დაწონილი და შესწავლილი არასოდეს ყოფილა, - ამბობს ფილმის დიზაინერი რიკ კარტერი, რომელიც "ავატარის" სამოთხისებრი სამყაროს შექმნაში მონაწილეობდა. - ის კვლავინდებურად რომანტიკულობისა და სიცოცხლის სიჭარბის შთაბეჭდილებას ტოვებს. ხან გვემუქრება და ხანაც გვეფერება, მაგრამ სასწავლი იქ რაღაც მაინც რჩება".

მსოფლიო მოდის სამყაროში ამ მიმდინარეობის პირველი ნიშნები ერთი წელზე მეტი ხნის წინ ლონდონში გაჩნდა. ნიგერიაში გამომავალი და ლონდონში გავრცელებული ჟურნალი Arise აფრიკელი დიზაინერების ნაშრომებს წარმოაჩენს. ამ ტენდენციის გაძლიერებას მუსიკალურ სცენაზე აფრიკის ინტენსიურმა გამოსვლამაც შეუწყო ხელი.

"ლონდონი წალეკა აფრიკულმა გავლენამ", - ამბობს შესყიდვების დარგში Liberty of London-ის დირექტორი ედ ბერსტელი, რომელსაც მასაის მოტივებზე შექმნილი ხის ბრასლეტების, რქის მანჟეტებისა და უროთი დამზადებული ლითონის საყელურების საკმარისი რაოდენობით შესყიდვა უჭირს. ბატონი ბერსტელის აზრით, ხალხს "დღეს ისეთი ნივთები უნდა, ბრჭყვიალა და გაპრიალებული რომ არ იყოს".

ბოლო ხანებში პოპულარული ამერიკული სამუშაო ტანსაცმლისა და ხელნაკეთი სამკაულების მსგავსად, აფრიკული სტილის დიზაინი იმის ანტიპოდია, რასაც Suno-ს ფირმის დიზაინერად გადაქცეული რეჟისორი მაქს ოსტერვაისი "ბოლო ხანებში ლოგოებიანი მასობრივი წარმოების სიმბოლოების დამამზადებელ მანქანებად გადაქცეულ მაღალი კლასის ბრენდებს" უწოდებს.

პოდიუმებთან ერთად ორიგინალური საქონლის წყურვილმა თავი კლუბებში, სასტუმროების დარბაზებში და ბროდვეიზეც იჩინა. აუდიტორიები თავდავიწყებით უსმენენ აფრობიტის ნიგერიელი მამის ფელა კუტის რიტმებს. კუტის მუსიკა და მისი ჯგუფის ვნებები ნაჩვენებია წარმოდგენაში "ფელა!".

პოპმუსიკის მოყვარულები ასევე გატაცებული არიან შრილანკური წარმოშობის ლონდონელი მაია არულპრაგასამის (MIA-ს) მუსიკითა და სტილით. MIA-მ აფრიკული ტომების გამაშები და ჭრელი აფრიკული ჩითი თავისი იმიჯის ნაწილად გადააქცია.

მომავალ გაზაფხულს მყიდველები ალბათ დაიტაცებენ მარკ ჯეიკობსის კინეტიკურ სპორტულ კოსტუმს. მასზე გამოსახული სერპანტინის მსგავსი პიანინოს კლავიატურა აშკარად აფრიკული ჩითის მრავალფეროვნებითაა შთაგონებული. სხვები, ვინც ცდილობს სეზონურ მოდას გაუსწროს, Malcolm Shabazz Market-ის პლასტიკური თაღის ქვეშ საქონლით გადატენილ დახლებზე ინდიგოსფერ და შლამისფერ ტილოებს მალიდან, ან პალმის ბოჭკოებისგან ნაქსოვ კუბას ქსოვილს დაეძებენ.

26 წლის მაია ლეიკი დიზაინერად მუშაობს Boxing Kitten-ში, რომელიც წყალგაუმტარ ჰოლანდიურ ქსოვილებსა და დასავლეთი აფრიკის ჩითს უშვებს. მაიას შთაგონების წყარო ჩალმები და დაშიკია (მამაკაცის აფრიკული სტილის პერანგი), რომელსაც 70-იან წლებში შეერთებული შტატების შავკანიანთა მოძრაობის წევრი აფროამერიკელები იცვამდნენ. "ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რა პოლიტიკური შინაარსია ამ ქსოვილებში, - აღიარებს ქალბატონი ლეიკი. - ისინი ნამდვილად აიძულებს ხალხს დაფიქრდნენ".

ამასთან, ის დაბეჯითებით ამბობს, რომ არავითარი ღია მესიჯი მის დიზაინში არაა. "ზოგჯერ მოდა უბრალოდ მოდაა და სხვა არაფერი", - ამბობს ის.

რუთ ლა ფერლა




წყარო - გაზეთი 24 საათი

суббота, 22 декабря 2012 г.

მასაის ტომები

არ დაგავიწყდეთ,რომ თქვენ ახლა აფრიკული ტომების - მასაების სამშობლოში იმყოფებით. მასაები, რომლებიც კენიაში, სავანაში სახლობენ, ცივილიზაციის განვითარების მიუხედავად, თავიანთი ტრადიციული ცხოვრების წესს არ ღალატობენ. მასაებს სასტიკი მებრძოლების რეპუტაცია აქვთ. მათი სალოცავი საქონელია, რომელიც, მათი რწმენით, წვიმის ღმერთმა ნგაუმ მოუვლინა საჩუქრად.

საქონელი ხშირად ხდება კონფლიქტის მიზეზი მასაებსა და სხვა აფრიკულ ტომებს შორის. მათი საცხოვრებლები გამომშრალი ნაკელისგანაა ნაგები. მასაებს უცნაური რიტუალები აქვთ - ძროხის სისხლის დალევა ბევრი რიტუალის მთავარი ნაწილია. ერთ-ერთი მთავარი რიტუალი "ხტუნვის ცეკვაა", რომლის დროსაც ახალგაზრდა მეომრები ცდილობენ რაც შეიძლება მაღლა ახტნენ - ამით ისინი საკუთარი ძალისა და ვაჟკაცობის დემონსტრირებას ახდენენ.


არც თუ ისე შორეულ წარსულში ახალგაზრდა მასაის მეომრის წოდების მოსაპოვებლად ლომი უნდა მოეკლა, ასევე, სოფელი უნდა აეშენებინა და იქ რამდენიმე წლის განმავლობაში ეცხოვრა.თუმცა ეს ტრადიცია საცხოვრებელი ფართის ნაკლებობის გამო უკვე აღარ სრულდება.

მასაებს შორის ქორწინება ყმაწვილობის ასაკში კატეგორიულად აკრძალულია. ქორწინებამდე მასაის ტომის მამაკაცმა თავი ნადირობაში უნდა გამოიჩინოს. მასაები უხუცესებს ემორჩილებიან. ტომში ქალის კულტია, ქალი მასაის გამორჩევა სხვა ტომის ქალებისგან ადვილია გადაპარსული თავებისა და მკვეთრი ფერის სამოსის წყალობით. ორივე სქესის წარმომადგენლები ქვედა ყბაზე ერთ კბილს იღებენ, ასევე მიღებულია წინდაცვეთაც. კენიის მთავრობამ არაერთხელ სცადა ეს პროცედურა აეკრძალა, თუმცა, ამაოდ - წინდაცვეთის დასაცავად ხმა მასაის ტომის ქალებმა აიმაღლეს.




წყარო - დავისვენოთ.ge
http://davisvenot.ge/?lang_id=GEO&sec_id=6&info_id=6907

მასაი მარას სასტუმროები

მასაი მარაში რამდენიმე სასტუმროა. ოთხვარსკვლავიანი სასტუმროებია : "Governors`Ilmoran Camp” მდინარე მარას პირას მდებარეობს, ნაკრძალთან ახლოს. სტუმრებს შესთავაზებს ბარის, რესტორნის, სუვენირების მაღაზიის მომსახურებას, 38 კომფორტულად მოწყობილი კარავი სასტუმროს ნომრის მოვალეობას ასრულებს.


სასტუმრო "Governos` Private Camp” მომსახურებას სთავაზობს ოჯახური დასვენების მოყვარულებსა და ტურისტთა ჯგუფებს. სასტუმრო მდინარე მარას ნაპირზე მდებარეობს, შედგება 8 კარვისგან, რომლებიც ტყეში, აფრიკულ ფაუნასთან ახლოსაა განლაგებული. ასე რომ, ეს სასტუმრო ველურ ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის მისწრებაა.

სასტუმრო "Keekorok Lodge” პირველი სასტუმროა მასაი მარაში, რომელიც პირვანდელ შარმსა და სტუმართმოყვარეობას უკვე წლებია ინარჩუნებს. სასტუმრო ზებრებისა და ანტილოპა გნუს მიგრაციის გზაზე მდებარეობს, ასე რომ, თუ ამ ცხოველების მიგრაციით ხართ დაინტერესებული, ამ სასტუმროში გაჩერებას გირჩევთ, მით უმეტეს, რომ აქ ერთსართულიან, კომფორტულ ბუნგალოებში ცხოვრებას, საცურაო აუზით სარგებლობას და საღამოობით მასაის ტომების ტრადიციული ცეკვებით გართობას შემოგთავაზებენ.

სასტუმრო " Kichwa Tembo”-ს მდიდრული ნომრებიდან შავი ლომების მიგრაციის პროცესს, ჟირაფებს, ანტილოპებს, მაიმუნთა სხვადასხვა სახეობებსა და სპილოებს დააკვირდებით. ერთი სიტყვით, ყველა სასტუმრო, რომელიც მასაი მარას ტერიტორიაზეა, აფრიკული ველური ბუნებით ტკბობის უნიკალურ შანსებს მოგცემთ.

წყარო - დავისვენოთ.ge
http://davisvenot.ge/?lang_id=GEO&sec_id=6&info_id=6907

მასაი მარა - ლომების სამფლობელო


კენიაში წასვლა მარტო მასაი მარას ნაციონალური პარკის სანახავადაც ღირს. ფაუნის სიმდიდრით მასაი მარას მხოლოდ სერენგეტისა და იგორონგორის ნაკრძალები შეედრება (ტანზანია). პარკში 80-მდე სახეობის ძუძუმწოვარი და 450-მდე სახეობის ფრინველი სახლობს. მაოს ენაზე, რომლითაც მასაის ტომები საუბრობენ, "მარა" "ლაქებიანს" ნიშნავს. თუ პარკს სიმაღლიდან გადმოხედავთ, მისი ტერიტორია ნამდვილად ლაქებიანი მოგეჩვენებათ - ერთმანეთისგან შორიშორს მდგარი ხეების გამო.

ივლისიდან სექტემბრამდე მასაი მარა ტურისტებს საოცარ სანახაობას სთავაზობს - ამ პერიოდში დიდი მიგრაცია იწყება. დაახლოებით 2 მილიონი ანტილოპა, 200 ათასი ზებრა, 500 ათასი გაზელი და სხვა ბალახისმჭამელები, რომლებსაც თან მტაცებელთა - ლომების, ლეოპარდების, გეპარდების, გიენისბური ძაღლების, აფთრების, ტურების, გრიფების და ა.შ. დიდი რაოდენობა მიჰყვება, მასაი მარას პარკიდან სერენგეტის ნაკრძალისკენ მიგრირებს.

ნაკრძალის პეიზაჟები მრავალფეროვანია. ტერიტორია სამ დიდ ეკოსისტემად იყოფა : სავანა, ბუში და მდინარის ნაპირები. სავანაში ანტილოპა გნუ, ზებრები, გაზელები და სხვა ბალახისმჭამელები ბინადრობენ, მდინარის ნაპირებთან ახლოს - ჟირაფები, წყლის თხები, სპილოები და სხვ. ძუძუმწოვრები, ხოლო თავად მდინარეებში (პარკის ტერიტორიაზე მხოლოდ ეს მდინარეები ჩამოედინება) - მარასა და ტალეკში უამრავი ნიანგი და ბეჰემოტი ბინადრობს. რაც შეეხებათ მტაცებლებს, ისინი მთელი პარკის ტერიტორიაზე სახლობენ, განსაკუთრებით კი ხშირ ტყეებს სწყალობენ - აქ შეგიძლიათ ნახოთ დიდი აფრიკული "ხუთიანის" ღირსეული წევრები : ლომი, ლეოპარდი, ხარი, სპილო და მარტორქა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ლეოპარდის ნახვა მხოლოდ ღამითაა შესაძლებელი, ხოლო მარტორქები საკმაოდ მცირე რაოდენობით არიან შემორჩენილნი.

ფოტონადირობისთვის აქ შესანიშნავი შესაძლებლობა მოგეცემათ, რადგან ცხოველები საკვების მოპოვებით იმდენად არიან გართულნი, რომ თქვენ ვერც კი შეგამჩნევენ, ეს კი უნიკალური ფოტოების გადაღების საშუალებას მოგცემთ.

გარდა ამისა, მასაი მარას ნაციონალური პარკი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ლომებსა და ლეოპარდებზე დაკვირვებისთვის.


მასაი მარას ნაციონალური პარკის ადმინისტრაცია 2007 წლის იანვრიდან მუშაობის ახალ სისტემაზე გადავიდა. პარკის ეკოსისტემის შენარჩუნების მიზნით, ადმინისტრაციამ დამთვალიერებელთა რაოდენობა შეზღუდა. როგორც კენიის ტუროპერატორთა ასოციაციის წარმომადგენელმა, დუნკან მურიუკიმ განაცხადა, პარკი მუშაობას შედარებით ვიწრო მიზნობრივ ჯგუფებზე გააგრძელებს და პრინციპი ასეთი იქნება : "მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა". მიუხედავად იმისა, რომ პარკი სულ 560 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, ყოველწიურად 290 ათას ტურისტს იღებს. გაორმაგდა პარკში შესასვლელი ბილეთის ღირებულებაც - 21 ფუნტიდან 48 ფუნტამდე (საშუალოდ 95 $). გაძვირდა სასტუმროებში ღამისთევის ღირებულებაც. დამატებით შემოსული თანხა ისევ პარკს მოხმარდება.

წყარო - დავისვენოთ.ge
http://davisvenot.ge/?lang_id=GEO&sec_id=6&info_id=6907

მასაი-ენა

მასაი – ერთ-ერთი აფრიკული ენა. გავრცელებულია კენიის სამხრეთ და ტანზანიის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე. მასაის ენაზე საუბრობს დაახლოებით 900 000 ადამიანი.


წყარო - ვიკიპედია
http://ka.wikipedia.org/wiki/მასაი_(ენა)