четверг, 17 января 2013 г.

გაზეთი 24 საათი - მასაის ტომთა სტილი თანამედროვე მოდაში









გარეგნული მხარე ორიგინალურია და ეგზოტიკურ ჯუნგლებს მოგვაგონებს.

ლურჯკანიანი ნავის კლანი პლანეტა პანდორადან ჯეიმს კემერონის ბლოკბასტერში "ავატარი", ხეებისა და მთების ქერცლისმაგვარი წვერები და ბუზიც კი, თავისი გრძელი და ელასტიკური კიდურებით, რომლებიც ტარზანსაც კი შეშურდებოდა. პანდორელები სათავგადასავლო ფილმების მოყვარულებისთვის ერთი შეხედვით ეგზოტიკურები, მაგრამ მაინც ნაცნობნი არიან, ზოლებად დაჭრილი ცხოველის ტყავისგან შეკერილი ტანსაცმელი აცვიათ, ბრჭყვიალა მძივები უკეთიათ, სახეებზე კი ცარცისფერი ნიშნები აქვთ გამოსახული.

ჯეიკ სალი, ყოფილი საზღვაო ფეხოსანი, რომელსაც ამ ტომში შეღწევა დაავალეს, თვალს ვერ აშორებს კლანის სამეფო ოჯახის წარმომადგენელს, ნეიტირის. მათი პირველი შეხვედრისას ნეიტირი ხის წვრილ ტოტზე მიცოცავს. ამ მომენტიდან სალი ნეიტირის სამყაროში სულ უფრო ღრმად ეშვება.

ბოლო ხანებში მსგავსი ეგზოტიკური ელფერი მოდის სამყაროსაც დაჰკრავს. აფრიკის გავლენა იგრძნობა ავანგარდული საცალო ვაჭრობის ისეთ ფირმებში, როგორიცაა Barneys New York, მასობრივი წარმოების ტანსაცმლის ფირმებში, მაგალითად, American Apparel-ში, და ისეთ შეუდარებელ დიზაინერებთან, როგორიცაა ოსკარ დე ლა რენტა, მარკ ჯეიკობსი, გუჩის ფრიდა ჯანინი და დრის ვან ნოტენი.

დასავლური სამყარო საუკუნეზე მეტია დროდადრო ინტერესდება აფრიკული ხელოვნებითა და დიზაინით, რასაც, რა თქმა უნდა, დიდად შეუწყო ხელი აფრიკული ტომების მოტივების გამოყენებამ პიკასოსა და კანდინსკის შემოქმედებაში. 70-იან წლებში ივ სენ ლორანმა პალმის ბოჭკოებისაგან, ნიჟარებისაგან და ხის მძივებისაგან დამზადებული "აფრიკული" კაბების კოლექციაც გამოუშვა.

ამჟამად აფრიკულმა ქარმა ისევ დაჰბერა. "მისი სილამაზე იმაშია, რომ ყოველგვარი რასობრივი ბარიერი გადალახა, - ამბობს მოდის პოპულარული ინტერნეტჟურნალის Unvogue-ის შემოქმედებითი დირექტორი მალკოლმ ჰერისი. - არა აქვს მნიშვნელობა ვინა ხართ და საიდან. ხალხს ის ნელ-ნელა შემოაქვს ცხოვრებასა და გარდერობში".

ასე ალბათ იმიტომ ხდება, რომ ხალხის წარმოდგენაში აფრიკის ჯუნგლები, უდაბნოები და ველები ლამის მისტიკურ ელფერს ინარჩუნებს. ამ წარმოდგენების მთლიანად გაქარწყლება აფრიკის კონტინენტზე გაბატონებულმა პოლიტიკურმა არეულობამ და სიღარიბემაც კი ვერ შეძლო.

"აფრიკა მთლიანობაში აწონილ-დაწონილი და შესწავლილი არასოდეს ყოფილა, - ამბობს ფილმის დიზაინერი რიკ კარტერი, რომელიც "ავატარის" სამოთხისებრი სამყაროს შექმნაში მონაწილეობდა. - ის კვლავინდებურად რომანტიკულობისა და სიცოცხლის სიჭარბის შთაბეჭდილებას ტოვებს. ხან გვემუქრება და ხანაც გვეფერება, მაგრამ სასწავლი იქ რაღაც მაინც რჩება".

მსოფლიო მოდის სამყაროში ამ მიმდინარეობის პირველი ნიშნები ერთი წელზე მეტი ხნის წინ ლონდონში გაჩნდა. ნიგერიაში გამომავალი და ლონდონში გავრცელებული ჟურნალი Arise აფრიკელი დიზაინერების ნაშრომებს წარმოაჩენს. ამ ტენდენციის გაძლიერებას მუსიკალურ სცენაზე აფრიკის ინტენსიურმა გამოსვლამაც შეუწყო ხელი.

"ლონდონი წალეკა აფრიკულმა გავლენამ", - ამბობს შესყიდვების დარგში Liberty of London-ის დირექტორი ედ ბერსტელი, რომელსაც მასაის მოტივებზე შექმნილი ხის ბრასლეტების, რქის მანჟეტებისა და უროთი დამზადებული ლითონის საყელურების საკმარისი რაოდენობით შესყიდვა უჭირს. ბატონი ბერსტელის აზრით, ხალხს "დღეს ისეთი ნივთები უნდა, ბრჭყვიალა და გაპრიალებული რომ არ იყოს".

ბოლო ხანებში პოპულარული ამერიკული სამუშაო ტანსაცმლისა და ხელნაკეთი სამკაულების მსგავსად, აფრიკული სტილის დიზაინი იმის ანტიპოდია, რასაც Suno-ს ფირმის დიზაინერად გადაქცეული რეჟისორი მაქს ოსტერვაისი "ბოლო ხანებში ლოგოებიანი მასობრივი წარმოების სიმბოლოების დამამზადებელ მანქანებად გადაქცეულ მაღალი კლასის ბრენდებს" უწოდებს.

პოდიუმებთან ერთად ორიგინალური საქონლის წყურვილმა თავი კლუბებში, სასტუმროების დარბაზებში და ბროდვეიზეც იჩინა. აუდიტორიები თავდავიწყებით უსმენენ აფრობიტის ნიგერიელი მამის ფელა კუტის რიტმებს. კუტის მუსიკა და მისი ჯგუფის ვნებები ნაჩვენებია წარმოდგენაში "ფელა!".

პოპმუსიკის მოყვარულები ასევე გატაცებული არიან შრილანკური წარმოშობის ლონდონელი მაია არულპრაგასამის (MIA-ს) მუსიკითა და სტილით. MIA-მ აფრიკული ტომების გამაშები და ჭრელი აფრიკული ჩითი თავისი იმიჯის ნაწილად გადააქცია.

მომავალ გაზაფხულს მყიდველები ალბათ დაიტაცებენ მარკ ჯეიკობსის კინეტიკურ სპორტულ კოსტუმს. მასზე გამოსახული სერპანტინის მსგავსი პიანინოს კლავიატურა აშკარად აფრიკული ჩითის მრავალფეროვნებითაა შთაგონებული. სხვები, ვინც ცდილობს სეზონურ მოდას გაუსწროს, Malcolm Shabazz Market-ის პლასტიკური თაღის ქვეშ საქონლით გადატენილ დახლებზე ინდიგოსფერ და შლამისფერ ტილოებს მალიდან, ან პალმის ბოჭკოებისგან ნაქსოვ კუბას ქსოვილს დაეძებენ.

26 წლის მაია ლეიკი დიზაინერად მუშაობს Boxing Kitten-ში, რომელიც წყალგაუმტარ ჰოლანდიურ ქსოვილებსა და დასავლეთი აფრიკის ჩითს უშვებს. მაიას შთაგონების წყარო ჩალმები და დაშიკია (მამაკაცის აფრიკული სტილის პერანგი), რომელსაც 70-იან წლებში შეერთებული შტატების შავკანიანთა მოძრაობის წევრი აფროამერიკელები იცვამდნენ. "ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რა პოლიტიკური შინაარსია ამ ქსოვილებში, - აღიარებს ქალბატონი ლეიკი. - ისინი ნამდვილად აიძულებს ხალხს დაფიქრდნენ".

ამასთან, ის დაბეჯითებით ამბობს, რომ არავითარი ღია მესიჯი მის დიზაინში არაა. "ზოგჯერ მოდა უბრალოდ მოდაა და სხვა არაფერი", - ამბობს ის.

რუთ ლა ფერლა




წყარო - გაზეთი 24 საათი

Комментариев нет:

Отправить комментарий